16:00
როგორ უვლიან ჯინსებს


საყვარელ ნივთს თავს ვევლებით ხოლმე, ძალიან გვინდა, ყოველთვის ისეთი იყოს, როგორიც მაშინ, პირველად რომ მოვირგეთ... მაგრამ, სამწუხაროდ, როგორ ფაქიზადაც არ უნდა მოვუაროთ, ადრე თუ გვიან გასარეცხია, ყოველ შემთხვევაში - სუფთა არაა და გაწმენდა როგორმე უნდა მოახერხო.

ჯინსი სამოსის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც რეცხავ, რეცხავ და ამით კი არ უნდა გაფუჭდეს, პირიქით, უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს. თუმცა სულ პატარა ნიუანსი არ უნდა დაგვავიწყდეს: რეცხვაცაა და რეცხვაც, სწორად უნდა გარეცხო, ისე, როგორც წესი და რიგია. 

 

გამძლეობის მიუხედავად, ჯინსებს წმენდის რადიკალური მეთოდები და აგრესიული გარემო მაინცდამაინც არ უყვართ, ამიტომ არც ქიმწმენდა მოსწონთ. ჯინსის გარეცხვა სჯობს გრილ წყალში: უნდა იყოს ელვით ან ღილებით შეკრული და აუცილებლად გადაბრუნებული. პირველ რიგში, ეს საჭირო ფორმის შენარჩუნებაში დაეხმარება და მეორე მხრივ, სარეცხ მანქანასაც გადაარჩენს რკინის ნივთებით შემთხვევითი დაზიანებისგან. რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი, წინასწარ რამდენიმე საათით წყალში მოთავსებული ჯინსის ხელით რეცხვაა. მაგრამ ვისაც ეს არ ეხერხება, დელიკატურ მოპყრობას თანამედროვე სარეცხი მანქანითაც შეძლებს. 

თუ ჯინსი პატარა მძივებით, ან სერიოზული ნაქარგობითა მორთული, რეცხვისას საგანგებოდ შერჩეულ ბადის ტომარაში მოათავსეთ - ასე რაიმეს მოძრობის ან გაფუჭების რისკი ნაკლებია.. სარეცხი ფხვნილი მათეთრებელ საშუალებებს არ უნდა შეიცავდეს, თორემ თქვენი საყვარელი სამოსი ფერს შეიცვლის და რაც მთავარია, ერთიანად კი არა - ადგილ-ადგილ, და რეცხვის შემდეგ არასასიამოვნო ლაქებს აღმოაჩენთ. ხელით რეცხვისას ფხვნილს ჯერ წყალში ვაზავებთ, პირდაპირ სამოსზე მისი დაყრა კატეგორიულად აკრძალულია და ეს ბევრმა იცის. ერთი ფერის ჯინსს, რომელიც ცოტა გახუნდა და გამკრთალებულ ფერს წყალში ცოტაოდენი ძმრის დამატებით გამოაცოცხლებთ. 

თუ დრომ მოდაში ე. წ. ხავერდის ან ვილვეტის ჯინსი მოიტანა (თუმცა, თუ მკაცრად მივუდგებით, ნადვილ ჯინსთან არც ერთს და არც მეორეს საერთო არაფერი აქვთ, თუ ძაფით ნაკერს და რკინის სამაგრებს გამოვრიცხვათ), გაითვალისწინეთ, ასეთი “ჯინსის” გარეცხვა საერთოდ არაა რეკომენდებული. ის უკუღმა მხრიდან ორთქლზე უნდა გაწმინდოთ. 

ჯინსის სამოსი გარეცხვის შემდეგ ფორმას ადვილად იბრუნებს, ჩაიცვამთ თუ არა, ისევ ისეთია, როგორიც სულ ახალი იყო. შეგიძლიათ, არც დააუთოვოთ. თუმცა მგრძნობიარე კანს რეცხვის შემდეგ ცოტა გაუხეშებულ ქსოვილთან შეხება არ სიამოვნებს, ამიტომ ოპტიმალური ვარიანტია - მსუბუქად უთოც დატვირთოთ და ოდნავ ნამიანი სამოსი დაუთოვებით დარბილდება. ძალიან ძლიერი გაწურვაც არაა საჭირო. სველ ჯინსს სათავით ზევით კიდებენ, ან თუ შარვალია - საგანგებო შარვლის საკიდზე, ასე წყალი კარგად იდენს. 

იდეალურ შემთხვევაში, ჯინსმა ფორმა და ზომა არ უნდა შეიცვალოს. მაგრამ ასეთი “მანერა” ჯინსის ჟანრის ყველა კლასიკური მოთხოვნის კანონის გათვალისწინებით შექმნილ საფირმო მოდელებს მოეთხოვებათ. თუ თქვენი სამოსის წარმომავლობაში მაინცდამაინც დარწმუნებული არა ხართ, აუცილებლად სხვა ნივთებისგან განცალკევებით გარეცხეთ, რომ მანქანიდან ფერად-ფერადი საოცრებები არ გამოიტანოთ.

საერთოდ, ძვირფასი ჯინსიც ჯობს ცალკე ირეცხებოდეს, სხვა სამოსმა რომ არ გააფუჭოს და ცისფერი უცებ ჭაობისფერი არ გახდეს. მაგრამ, ყველა წესი გამონაკლისს გულისხმობს. საფირმო ჯინსს, რომელსაც წარწერა ,,overdye” აქვს, პირველი გარეცხვისას საღებავი აუცილებლად გაუვა. ეს იმიტომ ხდება, რომ ორმაგი საფარი აქვს და პირველი გარეცხვისას გარესაფარი შორდება, შემდეგ გარეცხვებზე კი იგივე პრობლემა აღარ მეორდება.

შემდეგი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღმოაჩინოთ, არის ,,shrink-to-fit’’, ასეთი წარწერა გვაფრთხილებს, რომ ჯინსი გარეცხვის შემდეგ შეიძლება შემჭიდროვდეს. პრობლემა არც ესაა, დიდი დრო არ გავა, სანამ ტარების პროცესში, ისეთივე გახდება, როგორიც გინდოდათ გენახათ - ოდნავ გაფართოება ყველა ჯინსს ახასიათებს.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1274 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​