16:07 თეთრეული - არა მარტო უშფოთველი ძილისთვის ... | |
როგორ შევარჩიოთ სწორად საწოლის თეთრეული? რა ჯობს სასიყვარულო ღამისთვის და რა - ტკბილი და უშფოთველი ძილისთვის. 1. ფერი თუ სიყვარულის ღამისთვის ემზადებით, ღია-ნარინჯისფერს მიმართეთ, ის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ ფერად მიიჩნევა. სექსისთვის მწვანის და ცისფრის პალიტრაც კარგია. მშვიდი და ტკბილი ძილისთვის ვარდისფერი და ყვითელი შეარჩიეთ. თეთრი, რაც უნდა უცნაური იყოს, სასურველი არაა, რადგან ის ზედმეტად ნეიტრალურია – ამიტომ იყო, რომ მას სამ შემთხვევაში მიმართავდნენ: • ბავშვის დაბადებისას, ეს მომენტი ცხოვრების დასაწყისს და ყოველგვარი ინფორმაციისგან სრულ თავისუფლებას გულისხმობს. ამ შემტხვევაში, თეთრი საწოლი სუფთა ფურცლის სიმბოლოა, რომელზეც ახალშობილი საკუთარი ცხოვრების ისტორიას დაწერს. • ახალდაქორწინებულებისთვის, რადგან ნამდვილ, კაშკაშა სიყვარულს ფერადოვანი სტიმულაცია არ სჭირდება. აქ სავსებით პრაქტიკული მოსაზრებაც იყო ჩადებული: თეთრზე ყველაზე “კარგად ჩანდა პატარძლის უმანკოება”. • თეთრით ადამიანის უკანასკნელ სარეცელსაც ამკობდნენ – სასიკვდილო სარეცელზე ადამიანი იწმინდება ყველაფერი მიწიერისგან და ყოფიერისგან და შემოქმედის წინაშე მარტოდმარტო და სუფთა უნდა წარდგეს. სასიყვარულო სარეცელს წითელი, შავი და ალისფერიც უხდება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ფერები მაშინაა კარგი, როცა ძილს საერთოდ არ აპირებთ: სიყვარულის ღამე ასეთ ლოგინში იდეალური იქნება, სხვა შემთხვევაში უძილობის აიკიდებთ. ნახატი ნახატის შემთხვევაში დასამახსოვრებელი ერთადერთი კანონზომიერებაა: ძილისთვის – პატარანახატიანი, საყვარელი ადამიანის მკლავებში სიყვარულის ბობოქარი ღამისთვის კი - ერთი ფერის ან დიდნახატებიანი თეთრეულია საჭირო. ფსიქოლოგები დაჟინებით იმეორებენ, რომ დიდ კოპლებიანი და ვებერთელა გეომეტრიული ფიგურებით მორთული საწოლი მყუდრო ძილს ყოველთვის ჩაგიშლით. გამოკითხულთა უმრავლესობა ირწმუნება, რომ ასეთი თეთრეული მათში შფოთს და გაღიზიანებას იწვევს. მასალა რაღა თქმა უნდა იმას, რომ ქსოვილს ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს?! ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ისტორიულად ყველაზე პრაქტიკულად ყოველთვის სელს თვლიდნენ. ამ ნაჭერს გასაოცარი თვისებები აქვს: ათბობს ცივ თვეებში, და დამქანცველი სიცხის დროს მაცოცხლებელ სიგრილეს გჩუქნის. მაგრამ, სამწუხაროდ, ადვილად იკუჭება და მისი დაუთოვება ძნელია. აბრეშუმი – თუ ჯერი მასზე მიდგა, უნდა გაარკვიოთ, კონკრეტულად რომელი აბრეშუმი იგულისხმება. მაგალითად, იაპონური – ლოგინს ელეგანტურს და მდიდრულს გახდის; თურქული ან ჩინური – ღამეს ტანჯვად და კოშმარად აქცევს, ან ცივია, ან სრიალებს, სიცხეში ტანზე გეწებება, ან თავის პატრონს თავისი ხარისხით იმედს უცრუებს. ასე რომ, თუ აბრეშუმის თეთრეულის შეძენა გადაგიწყვეტიათ, ან ხელითნაკეთი იაპონური სასწაულისთვის უნდა გაიმეტოთ დაუნანებლად თქვენი ბიუჯეტი, ან თავიდან ამოიგდოთ ეს იდეა. ისე, გაითვალისწინეთ, ნატურალური აბრეშუმის თეთრეული საუკეთესო ფორმაში გინარჩუნებთ ვარცხნილობას. ბატისტის თეთრეული - მსუბუქია და გამჭვირვალე, ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ არაპრაქტიკულიცაა. 20 გარეცხვას უძლებს, მერე კი ძალიან იცვლება, სულ აღარაა ლამაზი. ამიტომ მისგან ისეთი კომპლექტის შეძენა სჯობს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი არაა, მაგალითად, საქორწინო გარნიტური ან განსაკუთრებული სასაჩუქრე ეგზემპლარი. ძალიან პრაქტიკულია ე. წ. სატინის (ეგვიპტური ბამბა) თეთრეული: ეს ქსოვილი მჭიდროა და მბზინვარე, შესახედადაც სასიამოვნოა. ერთადერთი ნაკლი სხვა ბამბის ქსოვილებთან შედარებით ძვირი ფასია. ეკონომიურად მომგებიანია ბიაზის თეთრეული, ლამაზიცაა და პრაქტიკულიც. თავისი მდგრადობისა და გამძლეობის გამო ბევრ ქვეყანაში ის უფრო პოპულარულია. არის კიდევ ფანელის თეთრეული - სასიამოვნო და ლამაზი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ პირველად სახეს კარგავს და პატარა ბურთულების სახით ნადებს იკეთებს; თავიდან რომ იყო, ისეთი რბილიც აღარაა, ფერებიც გახუნებულია. ეკონომიურად ყველაზე მისაღები ჩითია, მაგრამ კარგმა დიასახლისებმა კარგად იციან, რომ ის ხშირ რეცხვას ვერ უძლებს, ფერს კარგავს და ცვდება. ზომა საშინელებაა, ზომით არასწორად შერჩეული თეთრეული. ალბათ ყველას გვღირსებია იმის ბედნიერება, რომ ეს გამოგვეცადა. ამიტომ თვალს ნუ ენდობით. სჯობს, გაზომოთ და ზუსტად იცოდეთ, რა სიგრძე-სიგანის ზეწარი ან ბალიშისპირი გჭირდებათ. თეთრეულის წარმოებაში ძირითადად 3 ზომაა გავრცელებული: საწოლნახევრიანი, ორსაწოლიანი და ევროზომები. ბავშვის საწოლისთვის ცალკე ზომებია. უცხოელი მწარმოებლები ერთსაწოლიან (single), საწოლნახევრიან (extra long single), ორსაწოლიან (full) და გიგანტურ (king size) ზომებს გვთავაზობენ. საერთოდ, ზომა მწარმოებელი ქვეყნის სტანდარტების მიხედვითა განსხვავებულია, ამიტომ ყურადღება აქაც საჭიროა. მთავარი – აუცილებელია, თქვენი საწოლის თეთრეული თქვენ თვითონ მოგწონდეთ: გახსოვთ ალბათ, რამდენი ცნობილი ლიტერატურული და კინოგმირი ქალბატონი იძინებს თავის ფასდაუდებელ აბრეშუმის თეთრეულში სრულიად უბედური და მარტოსული. ისიც გემახსოვრებათ, რამდენი ბედნიერი და სიცოცხლითსავსე ჩვეულებრივი დიასახლისი იღვიძებს ყოველ დილით იაპონურ აბრეშუმში კი არა, უბრალო ჩითის ყვავილებიან თეთრეულში... | |
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 3142 | |
Total comments: 0 | |