15:07
როგორ უნდა თამაშობდეს და ვითარდებოდეს ბავშვი 3 წლის შემდეგ

მას მერე, რაც ბავშვს სამი წელი შეუსრულდება, მის განვითარებაზე უკვე სხვაგვარად უნდა იზრუნოთ. სათამაშოები უფრო რთული და ფუნქციური უნდა შუარჩიოთ. ამ დროს პატარა უფრო ცელქდება, ინტელექტი და მეტყველება შედარებით სრულყოფილი აქვს, ემოციური მოთხოვნილებებიც ემატება. ამის გამო იცვლება სათამაშოებიც, რომლებიც მის გარშემო უნდა იყოს. 
პირველ რიგში, ბავშვის აქტიურ მოძრაობაზე უნდა ვიზრუნოთ. სხვადასხვა ზომის ბურთები აუცილებელია, სასურველია სამთვლიანი ველოსიპედი, რომლითაც ჯერ სახლში ივლის, მერე კი ეზოშიც შეგიძლიათ გაიყვანოთ. ამ ასაკში მოსწონთ ასევე ხის კეგლები, გასაბერი სათამაშოები წყალში სათამაშოდ. 
დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ასაკის შესაფერის კონსტრუქტორებს, კუბიკებს. ქვიშაში სათამაშო ნივთებითაც თუ მოამარაგებთ და სუფთა ქვიშაში ათამაშებთ, ამით მის გულს ნამდვილად მოიგებთ - ქვიშაში თამაში ბავშვებს ძალიან უყვართ და მათ განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. 
დიდაქტიკურ სამუშაოს, რასაკვირველია, დიდი დატვირთვა აქვს. სასურველია, მისი ასაკისთვის შესაფერისი წიგნებით მოამარაგოთ - ისეთითაც, რომელსაც თქვენ წაუკითხავთ და ისეთითაც, რომლის დათვალიერებას თავად შეძლებს. სწორედ ამ ასაკში იწყებს ბევრი მშობელი შვილისთვის წიგნების კითხვას და ეს კარგიც არის. ბავშვები წიგნებით მეტად ინტერესდებიან და თვალსაწიერიც უფართოვდებათ. კარგია ისეთი წიგნები, რომლებიც ბავშვს ასწავლის ახალ სიტყვებს, ცხოველების ამოცნობას, ნივთების, მცენარეების, ფერების.
ბავშვებს უყვართ თემატური სათამაშოებიც. ბიჭებს: მანქანები, ავტოფარეხი, თვითმფრინავი, სამხედრო ნივთები. გოგონებს: ჯამ-ჭურჭელი, გრძელთმიანი თოჯინები, ეტლი თოჯინისთვის. ამ დროს უკვე იწყებენ დიდების მიბაძვას და თავადაც სურთ დიდობა. განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით ამ პერიოდიდან, თუ რას და როგორ ლაპარაკობთ ოჯახში. ბავშვი ყველაფერს ისრუტავს და შემდეგ ისეთ დროს წამოიძახებს, არ მოგეწონებათ. ან, თუ ბაღში დადის, შეიძლება იქ მოჰყვეს რაიმე ისეთს, რაც თქვენთვის არ არის სასურველი. ამიტომ ნურასდროს ნუ ჩათვლით, რომ ის ძალიან პატარაა და არაფერი ესმის. ისე მიუდექით, როგორც დიდს. და კიდევ - არ ელაპარაკოთ ენის მოჩლექვით, თავიდანვე გამართულად ელაპარაკეთ, აუხსენით დაუზარებლად და ასწავლეთ ბევრი ახალი რამ. 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1014 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​