14:15
როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი

აზროვნება და მეტყველება ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ მეტყველების განვითარება ბავშვს გონებასაც უვარჯიშებს. დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი - მათ სიტყვების მარაგი, ლექსიკონი არ აქვთ, რაც გარდა იმისა, რომ უწიგნურების ბრალია, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის შედეგიც არის.  
სიტყვათა მდიდარი მარაგი, რომელსაც ბავშვი აზრის გადმოცემის დროს გამოიყენებს, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც, ხშირად კარიერული წარმატებაც და ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ორატორულ ნიჭთან, აზრების მკაფიოდ და ლამაზად გადმოცემის უნართან. როცა ადამიანი კარგად მეტყველებს, ყველას უნდა მისი მოსმენა. ამაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. 
როგორ გავუმდიდროთ ბავშვს სიტყვათა მარაგი? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას. 

1. გამუდმებით ესაუბრეთ ბავშვს. ახალ სიტყვებს მხოლოდ სხვების ნაამბობის მოსმენით ისწავლის. რაც უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი საუბარი ესმით, მით უფრი მდიდრდება მათი ენაც.  ამიტომ ბევრი ელაპარაკეთ, ლამაზად, მრავაფეროვნად. 
2. უკითხეთ ხმამაღლა. თანდათან ისეთი წიგნები შეარჩიეთ, სადაც პერსონაჟთა მრავალფეროვნებაა და სიუჟეტიც აქტიურად ვითარდება. პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ისაუბრეთ მომხდარზე, იმსჯელეთ და გზადაგზა უცნობი სიტყვები ახსენით.

3. როცა სეირნობისას საინტერესო ადგილას მოხვდებით, იქედან ყოველთვის წამოიღეთ რაიმე წვრილმანი ნივთი. საღამოს მთელ ოჯახს წარუდგინეთ ეს ნივთი და ბავშვს სთხოვეთ, ყველას უამბოს მის შესახებ. ან უბრალოდ მოყვეს, რა ნახა, სად იყო, რამ მოახდინა მასზე შთაბეჭდილება და ა.შ.

4. ეცადეთ, ხშირად მოაყოლოთ, რა მოხდა დღეს. ჩაეკითხეთ, რათა უფრო დეტალურად გადმოსცეს ესა თუ ის ამბავი. შებრუნებული კითხვები დაეხმარება, რომ მეტი მოვლენის აღსაწერად მეტი სიტყვა გამოიყენოს. კითხვებიც, ეცადეთ, ვრცელი იყოს. აზრის სიტყვებით გადმოცემა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნარია ბავშვისთვის.

5. ახალი სიტყვები თავად უნდა ასწავლოთ. არ შეგეშინდეთ სირთულის - ბავშვის გონება ღრუბელივით ისრუტავს ინფორმაციას და შეიძლება, ისეთი სიტყვები დაიმახსოვროს, რომლის წარმოთქმაც კი გიჭირთ. 

ხშირად გამოიყენეთ სინონიმები რაიმეს აღსაწერად და თავადვე დააკვირდით თქვენს საუბარს. ეცადეთ, ერთი და იგივე სიტყვები ხშირად არ გამოიყენოთ. ქართული ენა საკმაოდ მდიდარია და გვაძლევს საშუალებას, მრავალფეროვანი ლექსიკონით ვისარგებლოთ. თუ თავადაც უჩივით ლექსიკის სიმწირეს, არასდროს არის გვიან სწავლა - ბავშვთან ერთად ისწავლეთ. 
ყველა მოვლენას მიუძღვენით პატარ-პატარა საუბრები. რა თქმა უნდა, ეს საუბრები ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. თუ რამეს ვერ გაიგებს, აუხსენით. დაიმახსოვრებს და საჭირო დროს თავისთავად ამოუტივტივდება მეხსიერებიდან. 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1110 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​