13:55
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მათემატიკა ისწავლოს

მათემატიკის მიმართ ინტერესი და ამ საგნის საფუძვლიანი შესწავლა ყველა მოსწავლის ინტერესის სფერო არ არის, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ ხელშეწყობა იქნება, ეს ყველას შეუძლია... თუმცა მათემატიკის საუკეთესოდ შესწავლით მაინც განსაკუთრებული ნიჭის ბავშვები ინტერესდებიან, რომლებიც ამ ცოდნას სხვადასხვა სპეციფიკურ სასწავლო ცენტრებში ეუფლებიან და იღრმავებენ. ერთ-ერთი ასეთი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი "მზიური" გახლავთ, სადაც თავს იყრიან გონებაგახსნილი და სხარტად მოაზროვნე მოსწავლეები.
დავინტერესდით სწორედ იმით, თუ რა არის მთავარი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პატარები მათემატიკით დაინტერესდნენ. ამისთვის აღნიშნული ცენტრის დირექტორს გია თოდრიას და მის მოადგილეს ამირან მეტრეველს შევხვდით.

- როგორ დავაინტერესოთ ბავშვები მათემატიკით?
- ბავშვის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია სკოლამდელი ასაკი. ამ პერიოდში დიდი ინტენსივობით ხდება გარემოს შეცნობა და ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვადასხვა უნარის განვითარება. სწორედ ამ ასაკშია მნიშვნელოვანი აზროვნებისთვის საჭირო უნარების გავრცობა. საუბარია არა რომელიმე კონკრეტული დისციპლინის ასათვისებლად საჭირო, არამედ ე.წ. ზოგად, ლოგიკური აზროვნებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე. თუ ამ პერიოდში ფუნდამენტი სწორად არის ჩაყრილი, ნიშნავს, რომ ბავშვს შემდგომ ეტაპზე მზაობა უკვე აქვს.

ამასთან, არსებობს სხვადასხვა კონკურსი, შეჯიბრი, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ, მათ შორის მათემატიკაშიც, ასეთ დროს ოჯახიც აქცევს ყურდღებას და ამგვარი მოსწავლეები ჩვენი თვალთახედვის არეშიც ხვდებიან. დაახლოებით მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს ჩამოყალიბებული აქვთ ეს მიდრეკილებები. ჩვენს ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამაშიც სწორედ ამ ასაკში (IV-VII კლასი) ხვდებიან ისინი, რომლებმაც მათემატიკური მიდრეკილებები უკვე გამოამჟღავნეს.

- თუ ბავშვს მათემატიკისადმი მიდრეკილება აღმოაჩნდა, რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მას ეს უნარი განვუვითაროთ?
- უმჯობესად მიმაჩნია, რომ ჩვენ კი არ "ვუკარნახოთ" ამა თუ იმ დისციპლინით დაინტერესება, არამედ, მივცეთ საშუალება, რომ თვითონ გამოავლინოს ინტერესი და დავეხმაროთ მიდრეკილებების სწორად შერჩევაში.

ადრეულ ასაკში მათემატიკური უნარებით განვითარების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გზა ლოგიკური ამოცანების რეგულარულად ამოხსნაა. ჩვენ ვებგვერდზე მუდმივად არის განთავსებული მათემატიკურ-ლოგიკური ტიპის 5 ამოცანა, რომლის ამოხსნასაც სპეციალური მათემატიკური ცოდნა არ სჭირდება, უფრო ლოგიკა და გააზრება არის მთავარი და მნიშვნელოვანი. მიგვაჩნია, რომ ასეთ ამოცანებზე მუშაობა ამ ასაკში გამართლებულია. არსებობს შემთხვევები, როცა მათ ამოხსნაში მთელი ოჯახია ჩართული. ეს ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან მუშაობისა.

- არსებობს მოსწავლეებში ასეთი გამოთქმა: "მათემატიკას ვერასდროს ვისწავლი იმიტომ, რომ არ მესმის". რას გვეტყვით, ამ საგნის შესწავლა ნებისმიერ ბავშვს შეუძლია?
- მათემატიკის საფუძვლების გარკვეული მინიმუმის შესწავლა არა თუ შესაძლებელი, არამედ, პრაქტიკულად, სავალდებულოცაა ყველა მოსწავლისთვის. რა თქმა უნდა, მათემატიკის საფუძვლების სკოლაში სწავლების მთავარი ამოცანა სწორედ ლოგიკური აზროვნებისთვის საჭირო უნარების გავრცობაა. ეს უნარები სჭირდება ყველას, როგორც მათემატიკოსს, ასევე მხატვარსა და კომპოზიტორს...

- არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი რთული ლოგიკური ამოცანების ამოხსნას მარტივად ართმევს თავს სახლში, მაგრამ გამოცდაზე ან ოლიმპიადაზე მარტივ ამოცანებსაც კი ვერ უმკლავდება. გვირჩიეთ, როგორ დავაძლევინოთ ბავშვს სტრესი?
- ასეთი ბავშვები, რა თქმა უნდა, არსებობენ. საოლიმპიადო სტრესის დაძლევის რაიმე გარანტირებული რეცეპტი არ არსებობს. ერთი, ყველაზე გამოცდილი საშუალება ისევ და ისევ ოლიმპიადებში მონაწილეობაა. დროთა განმავლობაში, ბავშვების გარკვეული ნაწილი საკუთარი თავის რწმენას იძენს და სტრესის დაძლევას ახერხებს.

- თქვენი დაკვირვებით, რა ტენდენცია შეინიშნება - იზრდება თუ არა მოსწავლეების ინტერესი მათემატიკის და პროგრამირებისადმი?
- მათემატიკისადმი ინტერესის ზრდა არ შეიმჩნევა. თუმცა, აშკარაა ფიზიკა-მათემატიკური სკოლებით დაინტერესება. წლიდან წლამდე იზრდება ამ სკოლებში სწავლის მსურველთა რაოდენობა.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 984 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​