10:54 რა უნდა იღონოთ, თქვენი შვილი "უდიპლომო სასიძოდ" რომ არ დარჩეს | |
ალბათ დამეთანხმებით, რომ პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლა ნებისმიერი ახალგაზრდის სურვილია. განსაკუთრებით გამძაფრებულია ეს სურვილი საქართველოში, სადაც არავის სურს, "უდიპლომო სასიძო" იყოს. ბუნებრივია, სწავლით გატაცება არც სხვა ქვეყნის მკვიდრთათვის არის უცხო ხილი. ავსტრალიურმა ონლაინ გამოცემა Business Insider-მა სპეციალური კვლევა ჩაატარა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მშობლები გამოჰკითხა. მათი ინფორმაციით, უმაღლესი განათლების მიღება ავსტრალიაში ყველაზე ძვირი ჯდება, ავსტრალიას მოსდევს აშშ. ამ თვალსაზრისით, ძვირად ღირებული ქვეყნების სიაში მოხვდნენ: სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, ჰონკონგი, კანადა, მალაიზია, ტაივანი და ა.შ... უმაღლესი განათლების სიძვირით საქართველო მოწინავე ქვეყნებს სულაც არ ჩამორჩება. აქ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საშუალო წლიური გადასახადი 5-7 ათას ლარს აღწევს და თუ სტუდენტი მხოლოდ ბაკალავრის დიპლომს არ დასჯერდება, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტს, ეს მის ოჯახს სულ მცირე, 30-35 ათასი ლარი მაინც დაუჯდება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ძვირად ღირებული სასწავლებლებისგან განსხვავებით, სწავლის ტარიფის ზედა ზღვარი 2 250 ლარია, თუმცა, საშუალო შეძლების მქონე ოჯახს ხშირად ამ თანხის გადახდაც უძნელდება, აღარაფერს ვამბობთ სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა რიცხვი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი სულაც არ არის. "ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღება მართლაც ძალზე ძვირი ჯდება, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მიღებული ცოდნა ოდნავაც ვერ შეესაბამება გაწეულ ხარჯებს", - ამბობს "საქართველოს განათლების ლიგის" ხელმძღვანელი, მანანა ნიკოლაიშვილი, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია: - საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება საკმაოდ ძვირი ღირს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ცხოვრების დონეს და იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის 80% უმუშევარია, ხოლო ვინც მუშაობს, იმასაც ძალიან დაბალი ანაზღაურება აქვს. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ეს მაღალი გადასახადებია. შვილისთვის განათლების მიცემა არ გაუჭირდებათ მხოლოდ საჯარო მოხელეებს, რომლებიც თავისთვის უხვად იწერენ პრემიებს. განსაკუთრებით ძვირია სწავლა კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. მართალია, სახელმწიფო სასწავლებლებში დაწესებულია ზღვარი - 2 250 ლარის ოდენობით, მაგრამ ძალიან ბევრი ნიჭიერი აბიტურიენტი, რომელსაც ეროვნულ გამოცდებზე ქულები არ ჰყოფნის, სწორედ ფასიან სასწავლებლებში ირიცხება. წარმოიდგინეთ, რა მძიმე ტვირთია ეს მათი ოჯახებისთვის. - ქ-ნო მანანა, ვინც გრანტს მოიპოვებს, იმას ამ 2 250 ლარის გადახდაც არ უწევს, რადგან სწავლის ქირის ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. - კი, მაგრამ გავიხსენოთ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სადაც სწავლა უფასო ან გაცილებით იაფია. ევროპას რომ ვბაძავთ, იქ სწავლა ძირითადად უფასოა, ევროპული სასწავლებლების ძალიან მცირე ნაწილია ფასიანი. ვფიქრობ, რომ საქართველოშიც, რომელიღაც საფეხური მაინც უნდა იყოს უფასო - ან ბაკალავრიატი, ან - მაგისტრატურა. უმჯობესია, ბაკალავრიატი იყოს. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ორივე ეტაპი უფასო იყოს. ძალიან კარგი მოდელი აქვს, მაგალითად, გერმანიას, სადაც უმაღლეს სასწავლებლებს 100%-იანი დაფინანსება აქვთ - მათ სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს. თუმცა, მოდი, დავანებოთ თავი სწავლების სიძვირეს და მის ხარისხზეც ვისაუბროთ. - რას გვეტყოდით ამ საკითხზე? - მიუხედავად ამხელა გადასახადებისა, სტუდენტების დიდი ნაწილი ბოლოს უმუშევარი რჩება. ამასთანავე, ჩვენი უმაღლესი სკოლა ახალგაზრდებს ვერ აძლევს სათანადო ცოდნას - ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სასწავლებლებსაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უმაღლესი სკოლა აბსოლუტურად მოშლილია. სააკაშვილის დროს სწავლების ხარისხმა საგრძნობლად დაიწია, მაგრამ ახლაც არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ხარისხი ამაღლდეს. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 808 | |
Total comments: 0 | |