10:37 როცა შვილისგან ბევრს მოელით - იქნებ ისინიც მეტს ელიან ჩვენგან? | |
"ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს ქალიშვილზე. მინდა, ჩემი შვილი საუკეთესო იყოს და ყველაფერში უმაღლესი შედეგი ჰქონდეს. თვითონაც თავს ვიტანჯავ და ბავშვსაც უმაღლეს მოთხოვნებს ვუწესებ. ვიცი, რომ ასე არ შეძლება. იქნებ რამე მირჩიოთ. - ანა." ეს პრობლემა საკმაოდ ბევრ მშობელს აწუხებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მშობლებს შვილების მიმართ ჩვენ-ჩვენი მოლოდინები გვაქვს. მათი მომავალი თითქოს წინასწარ წარმოგვიდგენია. ჩვენს "ხილვებში" ბავშვი იდეალური თვისებებითაა შემკული, წარმატებულია, კარგად აღზრდილი... ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია. მერე რა, თუ დედას შვილის მომავალი ბრწყინვალე ფერებში ესახება... მაგრამ... გადის დრო და ჩვენი პირმშო ვერ ამართლებს ჩვენს წარმოსახვებს. აი, აქედან იწყება პრობლემებიც - მშობელი იმედგაცრუებულია და პანიკით შეპყრობილი ფიქრობს, "რაღაც გამომრჩა, რაღაც ისე არ არის"... ცოტა ხნით ბავშვზე ფიქრს შეეშვით და საკუთარი ბავშვობა გაიხსენეთ. იქნებ ჩვენც, როცა შვილები ვიყავით, მეტს ველოდით ჩვენი მშობლებისგან. ჩვენც სხვა ბავშვების მაგალითზე გვითითებდნენ, სხვებს გვადარებდნენ. მთავარი იყო, სხვამ რას მიაღწია, სხვამ როგორ დაწერა საკონტროლო, სხვამ როგორ გამოიჩინა თავი ზეიმზე, სხვამ... და არა ჩვენ. გირჩევთ, ოდნავ მოეშვათ შინაგანად და უფრო შემრიგებლური იყოთ შვილისა და საკუთარი თავის მიმართ. დღეს ხშირად გაისმის მოწოდებები: "ისწავლეთ, მიაღწიეთ, მიიღეთ, იშოვეთ, იყავით პირველი, იყავით საუკეთესო, იყავით ყველაზე..." თითქოს სულ სადღაც უნდა მივიჩქაროდეთ და ვისწრაფოდეთ, სულ რაღაცას უნდა მივაღწიოთ და შედეგი გავაუმჯობესოთ. თითქოს სულ რაღაც უნდა აკეთო, რომ ბედნიერი და დაკმაყოფილებული იყო. სინამდვილეში კი, ცხოვრება სულ კონკურსსა და გადარბენებში გადის. ძალიან მკაცრად ხომ არ ვექცევით ჩვენს ცხოვრებას. ზოგჯერ რაიმე ახლის დაწყებას ვერ ვბედავთ, რადგან შეცდომის დაშვების გვეშინია. ამიტომ საერთოდ უარს ვამბობთ მოქმედებაზე. სულ ტყუილად... მიეცით თავს შეცდომის უფლება და იგივე გააკეთეთ ბავშვთან მიმართებშიც. ერთი და ორი მარცხი არაფერს ნიშნავს. ყველაფერი წინ გაქვთ, მით უმეტეს - ბავშვს. ჰარმონიული დამოკიდებულება ოჯახთან და გარემოსთან ადამიანს ყველა პრობლემას დააძლევინებს. ასე რომ, სწავლასა და წარმატებებზე წინ ყოველთვის დააყენეთ შვილის სიხარული, ბედნიერების განცდა, მისი სულიერი მდგომარეობა, თქვენი ურთიერთობა. შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ მას განვითარების თავისებურებები და საკუთარი კანონზომიერებები აქვს. ზოგჯერ ცოტა მეტი დროა საჭირო, რომ რაიმეს უკეთ ჩაწვდეს და მიხვდეს. იქნებ ისეთი მიმართულებით განივითაროს ნიჭი, რომელზეც თქვენ საერთოდ არ გიფიქრიათ. ყველა ბავშვს საკუთარი ნიჭი, მისია და ბოლო-ბოლო ბედი დაჰყვება - ეს ნუ დაგავიწყდებათ... და არასოდეს შეადაროთ შვილი სხვებს. თქვენ რა იცით, იმ "სხვას" ბედი რას უმზადებს. თქვენს შვილს თავისი გზა აქვს, და აცადეთ, ეს გზა თავად გაიაროს. თუ გაუჭირდა, მხოლოდ ხელი შეაშველეთ. თქვენს გზაზე "გადაყვანას" ნუ შეეცდებით. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 899 | |
Total comments: 0 | |