10:25 ყოველდღიური ფრაზები, რომლებიც ბავშვთან არ უნდა გამოიყენოთ | |
გაიხსენეთ, დღეში რამდენ რამეს ეუბნებით ბავშვს. რამდენ შენიშვნას, რჩევას თუ ჭკუის სასწავლებელ მაგალითს აძლევთ. არადა, ბავშვების აღქმის უნარი უფროსებისგან ბევრად განსხვავებულია, ამიტომ თქვენი ნათქვამი შეიძლება სულ სხვაგვარად ან საერთოდ ვერ გაიგოს. შესაბამისად, ყველაზე უწყინარმა ფრაზამაც კი შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს. სპეციალისტები მშობლების ლექსიკონში გავრცელებულ რამდენიმე ფრაზას გამოყოფენ, რომლის თქმაც ბავშვისთვის არ ღირს. თუ თქვენც იყენებთ ამ ფრაზებს, ეცადეთ, უარი თქვათ მათზე. 1. ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა ზოგჯერ აუცილებელია, თუმცა ეცადეთ თქვენი საყვედური ამ ფრაზებით არ გამოხატოთ: "არასოდეს არ ალაგებ", "სულ მპირდები და მატყუებ" და ა.შ. ასეთი გამოთქმები ბავშვისთვის ცოტა გაუგებარია და შეიძლება გარკვეული კომპლექსები გაუჩინოს. მას კონკრეტულად უნდა გააგებინოთ, რით არის მშობელი უკმაყოფილო. რა გააკეთა ცუდად და რას ელიან მისგან. 2. არასოდეს უთხრათ "ხომ გაფრთხილებდი", თუნდაც მართლა ასე იყოს. თუ ბავშვი თავის ნებაზე მოიქცა და შეცდომა დაუშვა, ეს კრიმინალი კი არა, გამოცდილების დაგროვებაა (დიახ, რასაც თქვენ მოთმინებიდან გამოჰყავხართ, სპეციალისტები ამას გამოცდილების დაგროვებას ეძახიან). ამ დროს ნიშნის მოგება და ნოტაციები საქმეს ვეღარ უშველის, ბავშვში კი შეიძლება პროტესტი გამოიწვიოს. საკუთარი შეცდომები გამოცდილების მიღების საუკეთესო გზაა. 3. როცა ჭკუას არიგებთ, ეცადეთ ამ ფრაზების გარეშე მოახერხოთ ეს: "შენ უნდა..", "შენ არ უნდა...", "არ შეგეფერება"... ამ სიტყვების რეალური მნიშვნელობა ბავშვის გონებამდე ვერ დადის, რაც არ უნდა "უჩიჩინოთ", ვერ გრძნობს იმ ვალდებულებას, რასაც აკისრებთ. მეტიც, ამ ფრაზებით შვილთან გაუცხოების და დისტანციის საფრთხეს აჩენთ. ან უფრო რბილად მოექეცით ან მარტივად გააგებინეთ, რომ ამა და ამ საქციელის გამო ძალიან გაბრაზდით. 4. უარი თქვით მიმართვისას სიტყვებზე: "აი, ახლავე", "ამ წუთას" ან მსგავს განგაშის სიგნალებზე. ამით დიდი-დიდი შეაშინოთ. შიში კი მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა. საერთოდ, შეეცადეთ, ზოგჯერ ბავშვის გონებითა და თვალებით შეხედოთ სამყაროს. ის რაც თქვენ დანაშაული გგონიათ, შეიძლება გარკვეულ მომენტში სრულიად ბუნებრივი რეაქცია იყო. ეცადეთ, შვილთან ჰარმონიული და ტკბილი ურთიერთობა გქონდეთ. "ეცადეთ" - ნიშნავს, რომ რაღაც ძალისხმევა თქვენც უნდა გაიღოთ ამისთვის. მხოლოდ ბავშვისგან ნუ ითხოვთ წესების შესრულებას. ნუ დაჩრდილავთ დედა-შვილობისა და მამა-შვილობის ბედნიერებას მუდმივი ჩხუბითა და კამათით. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 867 | |
Total comments: 0 | |