10:19
"სკოლებში გათბობა მაშინ უნდა ჩაირთოს, როცა ცივა, და არა კალენდრის მიხედვით"

გათბობის თემა ახლა უკვე სკოლებში არ კარგავს აქტუალობას. დაანონსებული ყინვების გამო, შეშფოთებას გამოხატავენ მშობლები და გვთხოვეს, განათლების სამინისტროს შესაბამის უწყებასთან გაგვერკვია ეს საკითხი. სწორედ ამიტომ დავუკავშირდით ზემოხსენებული სამინისტროს პრესსამსახურის უფროს ნატა ასათიანს და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- სკოლების დიდი ნაწილი თბება, ეს საკითხი მთლიანად სკოლის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, მან უნდა ჩართოს გათბობა. ვიცი, რიგ სკოლებში პრობლემაა, მაგრამ როცა ხდება ამის იდენტიფიცირება, სასწრაფოდ მივმართავთ ზომებს, რომ დროულად აღმოიფხვრას და გათბეს შენობა.
- პრობლემაში, ალბათ ტექნიკურ ხარვეზებს გულისხმობთ ხომ?
- დიახ.
- როგორც ვიცი, სკოლებში გათბობის ჩართვის სეზონი 10-15 ნოემბრიდან იწყება, არადა წელს საკმაოდ ადრე აცივდა. ასეთ შემთხვევაში ალბათ სკოლა ვალდებულია, ჩართოს გათბობა.
- რა თქმა უნდა, გათბობა უნდა ჩაირთოს მაშინ, როცა ცივა და არა კალენდრის მიხედვით. განათლების სამინისტრო არ იძლევა დირექტივებს გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით, ეს თავად სკოლამ უნდა გადაწყვიტოს.
- ხშირად მსმენია, რომ ყინვებშიც კი ღამით თიშავენ გათბობას, დილით ჩართული სისტემა კი 12 საათამდეც ვერ ასწრებს შენობის გათბობას და ძალიან ცივა...
- სამინისტროს პოზიცია არის ის, რომ შენობები უნდა იყოს გამთბარი, ღამე გამორთვა არ მგონია, ვინმეს მიზნებში შედიოდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში მართლა ვერ გათბება დილისთვის სკოლის შენობა სრულყოფილად. თუ ერთეული შემთხვევები არსებობს ან რომელიმე გათბობის სისტემა არ უწყობს ხელს იმას, რომ მთელი ღამე იყოს დატვირთული, ეს სხვა საკითხია, ამიტომ ინდივიდუალურად უნდა მოგვმართონ და დავეხმარებით. მაგრამ სკოლები ვალდებულები არიან, რომ მოსწავლესაც და მასწავლებელსაც შეუქმნან სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ერთ-ერთი მთავარი კი გათბობაა.
- მაინტერესებს, თუ მოწმდება ეს საკითხი სკოლებში შესაბამისი უწყების მიერ?
- რა თქმა უნდა, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ამოწმებს როგორც გათბობას, ასევე სხვა ტიპის გადაცდომებსაც და პრობლემებსაც. მოგეხსენებათ, 2085 სკოლაა, მათი ერთ დღეს შემოწმება ფიზიკურად შეუძლებელია, ეტაპობრივად და სისტემატურად მოწმდება სკოლებში ვითარება.
ციცი ომანიძე 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 941 | Added by: user | Tags: სკოლ, გათბობა, ა ნატა, განათლების, ასათიანი, სამინისტრო
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​