10:15
"ყოველმა ქართველმა მოსწავლეობის პერიოდშივე უნდა მოიაროს საქართველოს მთა და ბარი"

როდის უნდა წავიყვანოთ ბავშვები სამოგზაუროდ? რა არის ოპტიმალური ასაკი და რით არის კარგი ლაშქრობა, მოგზაურობა, ექსპედიცია, ექსკურსია? ნამდვილი, რეალური სამყაროს შეცნობა ნადმვილი თავგადასავლები და შთაბეჭდილებები განსაკუთრებით აქტუალური გახდა დღეს, როცა ადამიანები გაცილებით მეტ დროს ვირტუალურ სამყაროში ატარებენ, კომპიუტერსა და ტელევიზორებთან მიმსხდარნი და მოკლებულნი არიან რეალურ შთაბეჭდილებებსა და ემოციებს.
ამ თემებზე ცნობილი ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი გვესაუბრა, რომელიც აქტიური ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, თავის მრავალმხრივ ცოდნასა და გამოცდილებას ჟურნალისტთა ახალგაზრდა თაობის აღზრდასაც ახმარს. იგი რედაქტორობდა და რედაქტორობს არაერთ ქართულ გაზეთსა თუ ჟურნალს, არის მრავალი წიგნის ავტორი, ჟურნალისტური პრემიების ლაურეატი, არაერთი სიახლის შემომტანი ქართულ ჟურნალისტურ სინამდვილეში. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობას იმეორებს და ზუსტად გადის იმ მარშრუტს, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა 300 წლის წინათ, 1714-1715 წლებში.

- ბავშვებისთვის მოგზაურობა მუდამ სასარგებლოა, განსაკუთრებით დღეს, როცა მათი უმეტესობა, დროის დიდ ნაწილს ოთხ კედელში გამოკეტილი ატარებს და სამყაროს კომპიუტერის მონიტორიდან უყურებს. მოგზაურობა ბავშვს საშუალებას აძლევს, უშუალოდ აღიქვას სამყარო, ყველაფერი ლაივში ნახოს და ლაივში განიცადოს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სულიერი სამყაროს ფორმირებისათვის. ასაკს რაც შეეხება, მოგზაურობა ყველა ასაკში სასურველი და სასიამოვნოა. ძალიან პატარები ვიყავით, როცა მშობლებმა მე და ჩემი და ბეთანიაში წაგვიყვანეს რამდენიმედღიან ლაშქრობაზე. ჩემი და მამაჩემს სულაც ზურგჩანთაში ეჯდა. დღემდე მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილება. ათონელი ბერებიც მახსოვს – მამა იოანე და მამა გიორგი, რომელთა შესახებ მერე და მერე უფრო მეტი გავიგე. რამდენჯერაც არ უნდა ავიდე ბეთანიაში, ის პირველი შთაბეჭდილება მიცხოველდება და რაღაც სხვაგვარი ენერგიით მავსებს.

- რას ურჩევთ მშობლებს, როგორ უნდა მოახერხონ ორგანიზებულად და ამავდროულად კომფორტულად მოგზაურობა?
- დღეს ორგანიზებული და კომფორტული მოგზაურობისთვის ყველანაირი პირობა არსებობს – ამინდის წინასწარ შერჩევით დაწყებული და ნებისმიერი ინფორმაციის მყისიერი მოძიებით დამთავრებული. საერთოდ, მოგზაურობის ორი ძირითადი ტიპი არსებობს – დაგეგმილი და დაუგეგმავი. მე მათი ერთობლიობა მომწონს, როცა მოგზაურობა წინასწარ არის დაგეგმილი, მაგრამ არაერთი დაუგეგმავი თავგადასავალიც ახლავს. ხანმოკლე, ერთ-ორდღიანი ლაშქრობები ახლო მანძილებზე შედარებით ადვილი მოსაწყობია. მე , მაგალითად, მუდამ მზად მაქვს ზურგჩანთა ასეთი ლაშქრობებისთვის. ხანგრძლივი და შორეული მოგზაურობები კი უფრო საფუძვლიან მომზადებას მოითხოვს. სამოგზაუროდ სწორი დროის და სწორი მარშრუტის შერჩევა ყველაზე მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ ვისთან ერთად მოგზაურობ. კარგ კომპანიაში მოგზაურობა ორმაგ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს, მაშინ როცა თუნდაც ერთ უხასიათო ადამიანს შეუძლია ყველას ჩააშხამოს მთელი მოგზაურობა. ჯგუფისა და თანამგზავრების შერჩევა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და სიფაქიზეს მოითხოვს ბავშვების შემთხვევაში.

- როგორ უნდა „შევინახოთ“ მოგონებები მოგზაურობის შესახებ?
- არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მოგზაურობის შთაბეჭდილებების დაფიქსირებისა თუ შენახვის საუკეთესო და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი ფორმა სამოგზაურო დღიურები იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად ასე გაიოლდა და გაიაფდა ფოტო-ვიდეო გადაღება, სამოგზაურო ჩანაწერები, ფოტომ და ვიდეომ ჩაანაცვლა. ბავშვებისთვის ფოტო ალბათ ყველაზე მოსახერხებელია. მე ამ სამივე ფორმას ვიყენებ და ამგვარად მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, შეიძლება ითქვას, „სამ განზომილებაში“ ვინახავ. დღეს ეს საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, სამი-ოთხი ათეული წლის წინათ კი არათუ ვიდეო, ფოტოც კი იშვიათი იყო და, ამდენად, უფრო ფასეულიც. დღესაც დიდი ინტერესით ვუყურებ ხოლმე მამაჩემის მიერ ეგვიპტესა თუ საბერძნეთში მოგზაურობებისას სამოყვარულო კინოკამერით გადაღებულ ფირებს. მე კი მეზღვაურობის წლებში ბლოკნოტთან და ფოტოაპარატთან ერთად მუდამ თან მქონდა პროფესიონალური „კრასნოგორსკი“ და ამ „დასაქოქი“ კინოკამერით გადაღებული ჩემი მაშინდელი კინორეპორტაჟები ერთგვარი სიახლე იყო საქართველოს ტელევიზიაში, რომელიც ამ მხრივ საკმაოდ ღარიბი გახლდათ. ფოტო და ვიდეო ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროა, რომ თანდათან დავიწყებას ეძლევა სამოგზაურო ჩანაწერების ტრადიცია, რაც მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ერთ მნიშვნელოვან განზომილებას აკლებს. მაგრამ ყველაზე მთავარი მეოთხე, ანუ პირველი განზომილებაა – ადამიანის მეხსიერება. სამოგზაურო ჩანაწერებიც, ფოტოც და ვიდეოც მხოლოდ გვეხმარება, რომ ჩვენმა მეხსიერებამ ცხოვლად აღიდგინოს და თავიდან განგვაცდევინოს მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები. 

- რა უნდა იყოს ათვლის წერტილი, საიდან უნდა დავიწყოთ მოგზაურობა?
- საერთოდ, შორეული მოგზაურობა მანამ იწყება, სანამ სამოგზაუროდ წავალთ და მოგზაურობიდან დასრულების შემდეგაც გრძელდება. ახალ ქვეყანაში ან ახალ ადგილზე სამოგზაუროდ წასვლამდე იმ სავალდებულო სამზადისის გარდა, რაც ვიზებთან, ტრანსპორტთან თუ სასტუმროსთან არის დაკავშირებული, მე აუცილებლად ვაგროვებ ინფორმაციას, თუ რა არის ამ ჩემთვის ახალ ადგილებში სანახავი და შეძლებისდაგვარად ვგეგმავ თითოეულ დღეს თუ ღამეს. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კი ვახარისხებ ჩამოტანილ ინფორმაციას, ფოტო თუ ვიდეო მასალას, ცალკე ვინახავ იმ ყველაფერს, რაც შეიძლება მომავალი მოგზაურობებისთვის გამომადგეს. 

- როგორი უნდა იყოს სასკოლო ექსკურსია, რომ გართობასთან ერთად შემეცნებითი ხასიათიც ჰქონდეს, რადგან ბოლო დროს ძირითადად გართობად და საქეიფო მიზეზად იქცა...
- მე რომ სკოლის მასწავლებელი ვიყო, სულ ერთია – გეოგრაფიის, ისტორიის, ქართულის თუ ფიზკულტურისა, – ექსკურსიაზე წასვლამდე ბავშვებს ვუამბობდი იმ კუთხეზე, სადაც დავაპირებდით წასვლას, გავაცნობდი იქაურობის გეოგრაფიას, ისტორიას, ტრადიციებს, ბუნებისა თუ მატერიალური კულტურის ძეგლებს... საშინაო დავალებასაც მივცემდი, რომ ინტერნეტში ვირტუალურად ემოგზაურათ საექსკურსიოდ შეგულებულ ადგილებში. ექსკურსიის შემდეგ კი აუცილებლად დავავალებდი, დაეწერათ შთაბეჭდილებები და საკუთარი ფოტოებით გაფორმებული წარმოედგინათ კლასში განსახილველად. საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს აუცილებლად დავაჯილდოებდი წიგნებით და შევეცდებოდი, რომ ეს წიგნებიც იმ კონკრეტული ექსკურსიის თემატიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს ნამდვილ მოგზაურს?
- ნამდვილ მოგზაურს უნდა ჰქონდეს ის თვისებები, რომლებიც ჰქონდათ და აქვთ ოდისევსსა თუ სინდბადს, მაგელანსა თუ კოლუმბს, მარკო პოლოსა თუ ვასკო და გამას, ჩახრუხაძესა თუ სულხან-საბას, ტიმოთე გაბაშვილსა თუ რაფიელ დანიბეგაშვილს, ჟან შარდენსა თუ ჟან ფრანსუა გამბას, გოტფრიდ მერცბახერსა თუ ვიტორიო სელას, დევიდ ლივინგსტონსა თუ ნიკოლაი მიკლუხო-მაკლაის, ჯეიმს კუკსა თუ პოლ გოგენს, ფრიტიოფ ნანსენსა თუ რუალდ ამუდსენს, ფრენსის ჩიჩესტერსა თუ ალან ბომბარს, ტურ ჰეიერდალსა თუ ტიმ სევერინს, ჯუმბერ ცომაიასა თუ ჯუმბერ ლეჟავას... ერთი ამბავი მახსენდება: როდესაც ტურ ჰეიერდალი თავისი „რასთვის“ ინტერნაციონალურ ეკიპაჟს აგროვებდა, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას მიმართა თხოვნით, მისი ექსპედიციისათვის შეერჩიათ ექიმი, რომელსაც იუმორის გრძნობა ექნებოდა. მას იური სენკევიჩი შესთავაზეს და მანაც ჰეიერდალის რამდენიმე მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა. როდესაც წლების შემდეგ ტურ ჰეიერდალს ჰკითხეს, რატომ მოსთხოვა მან საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიას კანდიდატურის შერჩევა ერთადერთი და თანაც ესოდენ უჩვეულო კრიტერიუმით, მან უპასუხა: ის, რომ ამხელა ქვეყნის მეცნიერებთა აკადემია ინგლისურის მცოდნე და ექსპედიციების გამოცდილების მქონე საუკეთესო მედიკოსს შემირჩევდა, ჩემთვის იმთავითვე ცხადი იყო, იუმორის გრძნობის გარეშე კი მოგზაური მე ვერ წარმომიდგენიაო! კიდევ დავამატებდი, რომ მოგზაური, ნამდვილი თუ შემთხვევითი, პროფესიონალი თუ მოყვარული, არ უნდა იყოს აზიზი საკვებთან დამოკიდებულებაში.

- სამოგზაუროდ წასვლამდე, რომელ სათავგადასავლო ლიტერატურის წაკითხვას ურჩევთ ბავშვებს?
- ზემოთ, როცა ნამდვილ მოგზაურთა თვისებებზე მკითხეთ, მე ჩამოვთვალე ასეთ მოგზაურთა მთელი კოჰორტა. თითქმის ყველა მათგანს დაწერილი აქვს წიგნი თავის მოგზაურობებზე, თითქმის ყველა მათგანზე არსებობს ძალიან საინტერესო წიგნები, მათ შორის – ქართულადაც. ეს ყველაზე კარგი ლიტერატურაა საიმისოდ, რომ ყმაწვილი სამოგზაურო რომანტიკას, მოგზაურობის თეორიასა თუ პრაქტიკას ეზიაროს. ჰეიერდალისა და სევერინის წიგნები წაიკითხონ, შტეფენ ცვაიგის „მაგელანი“ წაიკითხონ, რაფიელ დანიბეგაშვილის წიგნი წაიკითხონ. სულხან-საბა რამდენადმე რთულია, თუმცა მოგზაურობით გატაცებულ უფროსკლასელს ეს წიგნი ძალიან ბევრს მისცემს. წელს შესრულდა 300 წელი სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობიდან. მე გადავწყვიტე, გავიმეორო მისი მარშრუტი და უკვე გავიარე გზა პარიზიდან რომამდე. რომში ზუსტად 29 ივნისს შევედი, როგორც სულხან-საბა სამი საუკუნის წინათ. უახლოეს თვეებში იტალიას მოვივლი თავისი სიცილიით და მერე მალტას ვეწვევი. პროექტს მთლიანად აფინანსებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს. ვისაც ჩემი ამ მოგზაურობის პერიპეტიები დააინტერესებს, შეუძლია ეწვიოს ფეისბუქის გვერდს „მოგზაურობა 300 წლის შემდეგ“. დღევანდელ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ხომ წიგნზე მეტად სახეწიგნის „კითხვა“ უყვართ. "ფეისბუქს" მისი არსებობის პირველ ხანებში ქართულად „სახეწიგნს“ და ხან „პირწიგნაკს“ ვეძახდით... სულხან-საბას კვალდაკვალ ჩემი ახლანდელი მოგზაურობა მე მისი წიგნის წაკითხვით დავიწყე ოთხი ათეული წლის წინათ. ტაიტიც წიგნებით იქცა ჩემს ოცნებად და აღდგომის კუნძულიც...

- თავად რა ასაკიდან დაიწყეთ მოგზაურობა, რამდენი ქვეყანა მოგივლიათ და რომელია ყველაზე დიდი შთაბეჭდილება - ბავშვობის და შემდეგ უკვე ზრდასრული ასაკის?
- როცა მშობლებმა ბეთანიაში წამიყვანეს სალაშქროდ, ხუთიოდე წლისა ვიყავი. სკოლაში სწავლისას წელიწადი ისე არ გავიდოდა, რომ ორი-სამი ექსკურსია არ მოგვეწყო. განსაკუთრებით სასიამოვნოდ მახსენდება ექსკურსია ხევსურეთში. უნივერსიტეტში სწავლისას მთამსვლელობით დავინტერესდი. მოგვიანებით საკმაოდ კარგი ჟურნალისტური სამსახური მივატოვე, რომ ბავშვობის ოცნება ამეხდინა და ოთხი წელიწადი შორეული ნაოსნობის მატროსი ვიყავი. დღეისთვის ყველა კონტინენტის მრავალი ქვეყანა მაქვს მოვლილი. ერთხანს ვითვლიდი მათ, ახლა – აღარ. ასზე მეტი ნამდვილად არის. მაგრამ სანამ სხვა ქვეყნებში ვიმოგზაურებდი, მანამდე საქართველო შემოვიარე – ფეხით, ცხენით, ველოსიპედით... მერე საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები მოვიარე და შემდეგ გავედი უცხოეთში. დღეს მოგზაურობად არ თვლიან, თუ პირდაპირ ვენეციასა და კალიფორნიაში არ ამოყვეს თავი! თუშეთი და სვანეთი, ხევსურეთი და საინგილო კი არ უნახავთ! ჩემს ყველაზე დიდ მოგზაურულ შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, განსაკუთრებით მძაფრ ემოციას ჩემში კუნძულები იწვევს. არაერთი კუნძული მაქვს მოვლილი, მათ შორის – კუბა, კურასაო, ტაიტი, პატმოსი, დომინიკა, ანტიგუა, მარტინიკა, გვადელუპა, მაგრამ ყველაზე საოცნებო აღდგომის კუნძული იყო, რომელიც შარშან ვინახულე. ბევრი მაქვს ნანახი, მაგრამ სანახავიც ბევრი დამრჩა... მრავალი საინტერესო თავგადასავალი გადამხდენია. ერთი საინტერესო მომენტი მახსენდება ჩემი მოგზაურობებიდან. სამხრეთ ამერიკაში, იგუასუს ჩანჩქერთან სამი სახელმწიფო საზღვარი ხვდება ერთმანეთს: ბრაზილიის, პარაგვაისა და არგენტინისა. ჰოდა, 2007 წლის სექტემბრის ერთ მშვენიერ დღეს მე ბრაზილიაში ვისაუზმე, პარაგვაიში ვისადილე და არგენტინაში ვივახშმე! ერთი ასეთი ადგილი ევროპაშიც არის, იქ საფრანგეთი, შვეიცარია და გერმანია ხვდება ერთმანეთს. იქაც ვარ ნამყოფი. თანაც ორჯერ. ბრაზილიას, პერუსა და კოლუმბიას შორის არის ასეთი სამმაგი საზღვარი. იქ ჯერ არ ვყოფილვარ.

- თქვენი შვილი თუ დაგყავდათ სამოგზაუროდ და სალაშქროდ?
- თეონა ძალიან პატარა იყო, როდესაც პირველად წავიყვანეთ სამოგზაუროდ. ძალიან ინტერესიანი ბავშვი იყო და იმთავითვე ბევრს დავატარებდით საქართველოშიც და უცხოეთშიც. ზღვაც ნახა და მთაც, ტბაც და მდინარეც, უდაბნოც და ტყეც, დიდი ქალაქებიც და პატარა ნასახლარებიც. ძნელი წლები იყო, შეიძლება ბევრი რამ აკლდა, მაგრამ წიგნი და მოგზაურობა მე და ჩემს მეუღლეს მისთვის არ მოგვიკლია. 13-14 წლისა იყო, როცა თითქმის მთელი ევროპა მოვატარეთ: ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი... მერე კიდევ – აზია: ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური... ევროპასა და აზიას შორის გაჩხერილ თურქეთზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც ძალიან კარგად იცის ართვინიდან ისტანბულამდე. მუსიკალურ შვიდწლედთან, სამხატვრო სასწავლებელთან და უნივერსიტეტის ორ ფაკულტეტთან ერთად გიდების სკოლაც დაამთავრა და ერთხანს უცხოელთა ჯგუფები დაჰყავდა საქართველოსა თუ ტაო-კლარჯეთში. ისე შევაყვარეთ მოგზაურობა, რომ არაერთი სხვა ქვეყანა, ინგლისიდან იაპონიამდე, უკვე თავად მოიარა. 

- პატრიოტული სულისკვეთების გასაძლიერებლად ალბათ საქართველოში მოგზაურობა ძალიან კარგია. რომელი ადგილების დალაშქვრას ურჩევდით მშობლებს და მათ შვილებს?
- პატრიოტული სულისკვეთების გასაღვივებლად და გასაძლიერებლად შორს წასვლა მშობლებსა და შვილებს არ მოუწევთ. საქართველოს ყველა კუთხეში არის ისეთ ადგილი, რომელიც საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენასთან ან პიროვნებასთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ ყოველმა ქართველმა მოსწავლეობის პერიოდშივე უნდა მოიაროს საქართველოს მთა და ბარი, ეწვიოს მცხეთას და უფლისციხეს, გელათსა და ვარძიას, დავითგარეჯსა და ალავერდს, მარტყოფსა და დიდგორს, უშგულსა და მესტიას, ბარისახოსა და ომალოს, პალიასტომსა და ტაბაწყურს, ჟინვალსა და შაორს, ჩარგალსა და სტეფანწმინდას, ნოქალაქევსა და ვანს, ბორჯომსა და ვაშლოვანს... რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო! სადაც არ უნდა დაადო საქართველოს რუკაზე თითი, ყველგან ელის მოგზაურსა – დიდსა თუ პატარას – საინტერესო რამ სანახავი – ბუნების ძეგლის იქნება ეს თუ მატერიალური კულტურისა.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1249 | Added by: user | Tags: მოგზაურობა, პაატა, ნაცვლიშვილი, საქართველო, ლაშქრობა, ექსკურსია
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​