16:14
ამჯერად რაღა ვაჩუქო, ანუ მორიგი საჩუქარი მეუღლისთვის


პრობლემით თავმობეზრებულ ერთ “აბეზარ” ქალბატონს თურმე აზრად ექსპერიმენტის ჩატარება მოუვიდა. სამსახურიდან ერთი დღით თავი გაითავისუფლა, შინ დარჩა, ქმრის არყოფნით ისარგებლა და სცადა, მიეგნო პასუხისთვის კითხვაზე: “რაღა ვაჩუქო ამჯერად?” ექსპერიმენტის მიზანი? - ორი სიის შედგენა. პირველი - იმის სია, რაც არავითარ შემთხვევაში, საჩუქრადაც არ დასჭირდება; და მეორე - სურვილების სია.

გახსოვთ, მელ გიბსონი მანიკიურს რომ გაიკეთებს და ქალის კოლგოტებს ჩაიცვამს; მაღალ ქუსლებზე შედგება და ფეხზე თმებს სიმწრით იშორებს; არც წამწამებზე ტუშის წასმა, არც აბაზაში ნებივრობა და არც ბიუსტჰალტერი რომ არ ავიწყდება, ოღონდ ქალის რამე მაინც გაიგოს? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ისიც გემახსოვრებათ, ბოლოს ჭექა-ქუხილის წყალობით მოკლე ჩართვა რომ მოხდება, მისი ცნობიერება გადატრიალდება და ქალის სულისკენ კარიც გაიღება. ზუსტი სიის შესადგენად დაახლოებით იმავე ზომებისთვის მიუმართავს ჩვენს გმირსაც: ქმრის მაისური და შორტები გამოქექა, გამოეწყო, აბაზანისკენ გასწია:

რა არ მინდა:

1. აბაზანაში ყველაფერს დავაკვირდი, გავოცდი კი არა, საშინლად გავღიზიანდი: ღრუბლები, სასაპნეები და საპნები, ათასნაირი გელი, სამფენიანი საპირფარეშოს ქაღალდი, უამრავი დეზოდორანტი და სურნელოვანი წყალი ნიშნით “for men”. მივხვდი! პირველ რიგში, ყველანაირი ოფლის საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუს გამაჯანსაღებელი საშუალება, ფეხზე სუნის საწინააღმდეგო საშუალება და სხვა “საშუალებები” უნდა გამოირიცხოს. მორჩა. ისეც ვიცი, რომ ხანდახან აბაზანაში შესვლა, დღეში ორჯერ კბილების გახეხვა და სუფთა წინდების ჩაცმაა საჭირო.

2. სახეზე ქაფი რომ მოვიშორე, ლოგინის გასასწორებლად წავედი. ჰო, მამაკაცური საქმე არაა, არც ჩემი ქმარი იკლავს ამით თავს. მოკლედ, შევედი საძინებელში და რას ვხედავ?! ყველგან ჩარჩოში ჩასმული ჩვენი ფოტოებია, ლარნაკში - გამხმარი ვარდები, თაროებზე ანგელოზების პატარა ფიგურები, გულები, ფინიები და კიდევ ათასი რომანტიკული ზიზილ-პიპილა. ეს ყველაფერი ისაა, რაზეც ქალები ამბობენ ხოლმე: ვაიმე, რა საყვარელიაო. ასე რომ, მეორე პუნქტი იქნება: არანაირი რომანტიკული სისულელე (ისედაც სავსეა სახლი), არც პატარ-პატარა სუვენირი, მაინც რამდენ მტვერს აგროვებს თაროებზე?!

3. აი, მისი უჯრებიც. უჯრაში - ჩემი მრავალდღესასწაულიანი სტაჟის “საოცარი” საჩუქრები: სანთებელებიო, ბლოკნოტებიო, კალენდარი საოფისე ნივთებთან ერთად, ჯიპების, მერსედესების, ფერარის პაწაწა მოდელები და “პარკერის” კალმის ყუთი. კიდევ კარგი, ერთი საჩუქარი მაინც გამოდგომია, კალამი მოწონებია. მაგრამ დანარჩენი? არა! ასეთი უაზრო ნივთები აღარ უნდა ვიყიდო! ჩემდა გასაოცრად, უნიჭო საჩუქრების კიდევ ერთი კომპლექტი აღმოვაჩინე: იუმორისტულ-ეროტიკულიც შეიძლება დავარქვათ: შალის ბორკილები, სპილო-საცვლები, ხმაურიანი ბალიშები, შამპანურის გასაბერი ბოთლები, ვითომ დრაკულას კბილები, ჯადოსნური ჯოხი... არა, მამაკაცები კი არიან ბავშვები, მაგრამ ამდენად – არა!

4. სამზარეულოში ვარ. მივხვდი, მინდა თუ არ მინდა, მაღაზიაში წასვლა მომიწევს. მანქანა არ დამიტოვეს, ისევ ჩემსაში ვჯდები, მაგრამ ფანტაზია ხომ უქმად არაა?! წარმოვიდგინე, რომ ქმრის მანქანის სალონში ვარ: მაინც რად მინდა ეს ამდენი საკიდი, ან ეს რბილი სათამაშოები? საერთოდაც, ამდენ გაუგებარ ნივთს თავის მანქანაში ბევრი მამაკაცი ვერ აიტანს.

პროდუქტები შევიძინე, ვახშმის მომზადება დავიწყე და თავი ფიქრს მივეცი. ნეტავ, რომელი საჩუქარი ასიამოვნებს ჩემს თავმოყვარეობას, რა გამახარებს, კაცი რომ ვიყო-მეთქი...

რა მინდა:

1. ჩვენს სახლში ალკოჰოლის უკმარისობაა. ლუდის ერთ-ორ ბოთლზე არ ვამბობ. ნამდვილი, ძვირფასი სპირტიანი სასმელი მაქვს მხედველობაში. ვფიქრობ, მათი ადგილი ყველა ოჯახის მინი-ბარშია. ჩვენ ბარი არა, მაგრამ სასმელებისთვის პატარა კარადა გვაქვს. ალბათ, კონიაკი, ძვირფასი ღვინო, ვისკი ან პორტვეინი ურიგო არ იქნება. ძმაკაცები რომ გვესტუმრებიან, სასიამოვნოდ გაოცდებიან და ქმარიც კმაყოფილი იქნება. საგანგებო ჭურჭელი და ყინულის ფორმებიც არ იქნება ზედმეტი.

2. იმის მიუხედავად, რომ საწოლი ათასი ნიუანსის გათვალისწინებით შევიძინეთ, ორთოპედიული ბალიში და ანტიალერგიული საბანი არ გვაწყენდა. ნამდვილი მამაკაცი მარტო გემრიელ საჭმელს, ლამაზ ქალს და მაღალ ხელფასს კი არა, ტკბილ და ჯანსაღ ძილსაც იმსახურებს.

3. საშინაო საჩუქრების განყოფილებას მივაკუთვნოთ აბაზანის პირსახოცები და ხალათები. პირველი შეიძლება ისედაც მაქვს, თან მარაგით. აი, ახალი ფუმფულა ხალათი კი წარმატებული საჩუქარი იქნება.

4. კიდევ - სასაჩუქრე სერტიფიკატი მასაჟისთვის ან რაიმე სხვა სახის რელაქსაციისთვის. შესანიშნავია! თუ მასაჟისტთან მისი მარტო დატოვება არ მსურს, ისეთ სეანსზე ჩაწერაც შეიძლება, ორი ადამიანისთვის რომ არის განკუთვნილი. როცა ნეტარებით დამტკბარ მეუღლეს დავინახავ, ვეცდები, არ ვიეჭვიანო. მაინც ხომ ჩემი მადლიერი უფრო დარჩება, ვიდრე მასაჟისტის, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებს?!

5. უნდა გავიხსენო, რა არ უჭამია დიდიხანია ისეთი, რაც ძალიან უყვარს. სიურპრიზს გავუკეთებ, თუნდაც ეს კარტოფილის “ფრი” იყოს.

6. გამუდმებით იმ ყავას და ჩაის აქებს, სამსახურში მდივანი რომ ადუღებს. ძალიან უცნაური არაა, იმიტომ, რომ ოფისებში ხშირად ელიტური ჯიშის ყავას ან ჩაის ყიდულობენ ხოლმე, რომ უეცრად გამოცხადებულ სტუმარს გაუმასპინძლდნენ და თავადაც ისიამოვნონ. მოკლედ, ყავა და ჩაი რომ შევარჩიო, კარგი იქნება.

* * *

ა) ეს ექსპერიმენტი იმისთვის არ გიამბეთ, რომ მისი შედეგი (სურვილების თუ არასურვილების სია) მისხალ-მისხალ გაითვალისწინოთ. შესაძლოა, მაინცდამაინც ეს ორი სია თქვენთვის არ გამოდგეს. აბა, მაშ რისთვის? – იკითხავთ თქვენ... ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, მოსიყვარულე მეუღლემ სცადა, გაეგო, რა იქნება ზედმეტი და რა სჭირდება მის ქმარს და არა საერთოდ ქმრებს და ამით ერთგვარი მაგალითი მისცა დანარჩენებს. იქნებ მისი სია ვინმეს დაეხმაროს კიდეც, მაგრამ ყველას - არ გამოადგება. სამაგიეროდ, გამოადგება მეთოდი და გამოცდილება.

ბ) ასე რომ, თუ ოჯახის წევრი მამაკაცისთვის საჩუქარს არჩევთ, კაცისთვის (თქვენი აზრით) შესაფერისი პირველივე ნივთი კი არ იყიდოთ, მის “ტყავში გახვევა” სცადეთ და მისეული სიები შეადგინეთ. მათ კი, ვინც ოჯახის წევრი არ არის, ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე შეურჩიეთ საჩუქარი ან მოხერხებულად გამოიკითხეთ, რა ურჩევნია... თუმცა ეს ცალკე თემაა და ღირს, შემდეგში გავაფართოვოთ.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1688 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​