23:28
ყველაზე გავრცელებული ბავშვური ხრიკები მშობლების მანიპულირებისთვის


მოდით, განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული ბავშვური ოინები, რომლებითაც ისინი მშობლების მანიპულირებას ცდილობენ და ხშირად აღწევენ კიდეც მიზანს. ცრემლებით, ისტერიკით, ტყუილით და სხვა მეთოდებით თითქმის ყველა ბავშვი, რაღაც პერიოდში მაინც, ცდილობს, უფროსები, რბილად რომ ვთქვათ, თავის ჭკუაზე ატაროს. მაინც რა ხრიკებს მიმართავენ პატარები უფრო ხშირად უფროსებზე გავლენის მოსახდენად?

ცრემლები – ეფექტური საშუალება მშობლების სამართავად
ჩვილის ცრემლები ბევრ რამეს ეუბნებიან მშობელს როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ისე ფსიქოლოგიურ განწყობაზე, მათ ასევე შეუძლიათ უკარნახონ მშობელს, რომ ბავშვის ჭამის ან გამოცვლის დროა. უფროსი ბავშვების ცრემლებიც ან ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელია, ან შინაგანი დაძაბულობის, ან სისუსტის. თუმცა ისეც ტირიან ბავშვები, ხშირად უმიზეზოდ, რადგან ერთხელ შენიშნეს, რომ მათ ტირილს შედეგი მოაქვს და ხანდახან ისეთ მიზნებსაც აღწევენ, ტირილის გარეშე რომ ვერც იოცნებებდნენ. 
თუ დაეჭვდით, რომ ბავშვის ცრემლები მხოლოდ ეფექტური მეთოდია მშობლების მანიპულირებისთვის, დააკვირდით, რა სიტუაციებში იწყებს ტირილს. თუ ცრემლები მხოლოდ მშობლების აკრძალვებისა თუ შეზღუდვების შემდეგ ჩნდება, ე.ი. ეს ხრიკია, რომ კიდევ ერთხელ სცადოს სასურველის მიღწევა. 

ისტერიკა – მანიპულაციის საშუალება
ალბათ ბევრს შეუნიშნავს მაღაზიაში თუ საბავშვო მოედანზე, ბავშვი რომ ისტერიკას აწყობს მხოლოდ იმის გამო, რომ სასურველი ნივთი ვერ მიიღო. თუ ბავშვმა პირველად მოაწყო ისტერიკა ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად, სათამაშოების მაღაზიაში, და მაშინვე უყიდეთ სასურველი მანქანა, თოჯინა თუ სხვა რამ, არ გაგიკვირდეთ, რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გაიმეორებს იგივეს და იმავე მეთოდით შეეცდება სასურველის მიღებას. 
ასეთ შემთხვევაში რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომ ბავშვი დააწყნაროთ და 125-ე პისტოლეტი არ უყიდოთ. ჯერ ერთი, ჯობს ისტერიკა არ შეიმჩნიოთ და მცირე მანძილით მოშორდეთ, თითქოს ვერ ხედავთ. ბავშვი, სავარაუდოდ, შეამჩნევს, რომ მის ცრემლებს არ ამჩნევენ და გაჩუმდება, ყვირილსაც შეწყვეტს. მეორე – მალე გაარიდეთ ბავშვი სასურველ ნივთს, გადაატანინეთ ყურადღება, ზურგზე მოეფერეთ (ესეც ამშვიდებს პატარას), სულ სხვა რამეზე ესაუბრეთ. ეცადეთ, უბრალოდ დამშვიდდეს. 
მესამე, თუ არც ლაპარაკზე რეაგირებს და არც იგნორირებაზე, უბრალოდ გვერდით დაუდექით და უხმოდ უყურეთ. გახსოვდეთ, ასეთ პროვოკაციას ერთხელ რომ არ აჰყვებით, მეორედ აღარ იზამს. 

გადაბრალება
თავისი "დანაშაულის" გადაბრალება – მეგობრისთვის, დედმამიშვილისთვის, კატისთვის, - ესეც ბავშვების ერთ-ერთი ხრიკია. ამით ცდილობენ სასჯელის თავიდან აცილებას და პატიების დამსახურებას. არ ღირს ამაზე აყოლა, რადგან ბავშვი ვერ მიხვდება, რომ სხვისთვის თავისი დანაშაულის გადაბრალება არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ მომავალში თავისი მეგობრებისა და ახლობლების პატივისცემასაც დააკარგვინებს. 

თავის მოკატუნება
ხშირად ხდება, რომ ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადმყოფობენ და ხედავენ, რომ ავადმყოფობის დროს ბევრი რამე "გასდით", თავს იავადმყოფებენ მხოლოდ სარგებლის მისაღებად, მაგალითად, ბაღის ან სკოლის გასაცდენად, საყვარელი სასუსნავის მისაღებად. რა თქმა უნდა, ბავშვის ჩივილების იგნორირება არ შეიძლება, მაგრამ ჯობს მაშინვე ამცნოთ, რომ თუ ცუდად არის, ექიმს გააგებინებთ. მალე მიხვდება, რომ ასე მარტივად არ გადის მისი და თავის მოავადმყოფება, როცა კარგად არის, არ ღირს.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 925 | Added by: user | Tags: მანიპულირებისთვის, მშობლების, გავრცელებული, ხრიკები, ბავშვური, ყველაზე
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​