23:13
ჯადოსნური ფრაზები, რომლებიც ბავშვს სწავლას მოანდომებს

ხშირად უთხარით შვილებს ეს სიტყვები და უფრო მეტი ხალისით და მონდომებით ისწავლიან, სასწავლო წლის დასაწყისში ხომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვს გავუმყაროთ სწავლის სურვილი.

ყოჩაღ, რამდენი წაიკითხე!
ეცადეთ, ხშირად შეაქოთ, უფრო მონდომებისთვის, ვიდრე შედეგისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ კითხულობს, მთავარია, რომ კითხულობს და ცდილობს. გინახავთ ვინმე, სკოლაში დადიოდეს და კითხვა არ იცოდეს? ზოგი მალე სწავლობს, ზოგი უფრო ნელა. თუ მხოლოდ წარმატებაზე "დაქოქავთ" და მხოლოდ ამის გამო შეაქებთ, ადრე თუ გვიან დაიღლება და დისტანციას ჩამოშორდება. თანაც, როცა ძალისხმევისთვის აქებთ, აგებინებთ, რომ იმდენად გარშემო მყოფთა რეაქცია არ არის ფასეული, რამდენადაც მისი საკუთარი სურვილი, რომ იშრომოს.

ხომ გახსოვს, წინა ტესტის დროსაც ღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა!
შეახსენეთ ბავშვებს გასული წარმატებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაჯერების ნაკლებობას უჩივიან. როცა ბავშვს ეჩვენება, რომ არაფერი შეუძლია, რომ მიწა ეცლება ფეხქვეშ, ეცადეთ, შეახსენოთ წარსული მომენტები, რომლებიც შეახსენებენ, რომ აქვს ბევრი რამის უნარი. 
შეახსენეთ, რომ ხშირად მიუღია კარგი შეფასება, შექება. ამგვარი წარმატებების შეხსენება მას წაახალისებს და მოანდომებს, კვლავ განიცადოს გამარჯვების წუთები.

მოდი, დავყოთ რამდენიმე ნაწილად!
ხანდახან ბავშვები გრძნობენ, რომ სასწავლი მასალა ძნელია და ათვისება უჭირთ. დაეხმარეთ, ისე გაანაწილოს დავალებები, რომ სწავლის პროცესი გაუადვილდეს. ასწავლეთ წესრიგი, სწავლების უფრო ეფექტური მეთოდები – მაგალითად, უფრო მნიშვნელოვანი ადგილების ფანქრით მონიშვნა, ნასწავლის პატარა შინაარსის ამოწერა, რვეულში ჩანიშვნა მნიშვნელოვანი მომენტების. იქონიეთ პატარა დაფა და თუ დაწყებით კლასებშია და უჭირს რომელიმე ასოს, ციფრის წერა, ამოცანის გაგება, დაფაზე მარკერით დაუხაზეთ, დაუწერეთ, აუხსენით. თვალსაჩინოებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 
თუ გამოცდისთვის ემზადება და ბევრი მასალა აქვს ასათვისებელი, შესთავაზეთ მზადების პროცესი რამდენიმე დღედ დაყოს და ერთ დღეში არ მიაკლას თავი ყველაფერს.

რომ მორჩები მეცადინეობას, ცოტა ხნით ტელევიზორთან (კომპიუტერთან) დაგსვამ
ტელევიზორი თუ კომპიუტერი ისედაც არ არის სასურველი ხშირად, ამიტომ ის პრივილეგიის სახით გამოიყენეთ, ერთგვარ სტიმულად, და არა სასჯელად (თუ არ ისწავლი, არ დაგსვამ ტელევიზორთან). 

სმენით კარგად იმახსოვრებ, ეს თვისება განვავითაროთ
ყველა ბავშვს ათვისების განსაკუთრებული მანერა აქვს. ზოგს უფრო თვალსაჩინოების სახით ამახსოვრდება, სხვა სმენით იმახსოვრებს, ზოგს ერთი წაკითხვა ყოფნის გასაგებად, სხვას სამი-ოთხიც სჭირდება. ზოგს სულ სხვა, დაფარული უნარები აქვს და მშობელმა თავისი დაკვირვების უნარით ეს უნდა აღმოაჩინოს. ამით დაეხმარება ბავშვს სწავლაში და თუ მის რომელიმე განსაკუთრებულ უნარს შეუქებს ხოლმე, მას საკუთარი ძალების რწმენასაც შემატებს.

ახლა გაცილებით უკეთ წერ
გამოიყენეთ დადებითი წახალისების მეთოდი, ბავშვი ხომ ცდილობდა. ეცადეთ, მისი წარმატებები მხოლოდ მისავე სხვა შედეგებს შეადაროთ და არა ძმის, დის თუ კლასელების. ყველა ხომ თავისი საკუთარი ტემპით მიდის წინ და არ არის საჭირო, ბავშვს შეუსრულებელი ამოცანები დაუსახოთ.

ყოჩაღ, რომ ასეთი მონდომებული ხარ. ვიცი, რომ რთულია
არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე შრომისა და ძალისხმევის აღიარება და თანაგრძნობა. ამ ფრაზით ბავშვს თან აქებთ და თან პატივს სცემთ მის შრომას, უმყარებთ თავდაჯერებას და აღნიშნავთ მის დადებით თვისებებს. ასეთი შექება განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

კარგია, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს
იარლიყები ცუდია, ოღონდ უარყოფითი იარლიყები. აი დადებითი იარლიყები კი – რა ყოჩაღი ხარ, რა მონდომებული, როგორი პასუხისმგებლობის გრძნობა გაქვს და ა.შ., ბავშვს მეტად აქეზებს, რომ უკეთესი გახდეს და კიდევ მეტად დაიმსახუროს ეს სიტყვები.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 965 | Added by: user | Tags: მოანდომებს, ბავშვს, რომლებიც, ფრაზები, ჯადოსნური, სწავლას
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​