22:55
რას უნდა ერიდოს ჩვილი ბავშვის დედა

ახალშობილები და საერთოდ, ჩვილი ბავშვები სხვადასხვანაირ საზრუნავს უჩენენ მშობლებს. ზოგიერთ დედას რომ ღამეები არ სძინავს, მეორენი შვილის ზნეს არაფრით უჩივიან. მათი ნათქვამი "თუ არაფერი აწუხებს, არ ტირის", ჭირვეული ბავშვის მშობლებში ერთგვარ შურსაც კი აღძრავს. სამაგიეროდ მშვიდი და უპრეტენზიო შვილების მშობლები, ვინაიდან ბავშვი არ ტირის და არ აწუხებთ, სიფრთხილეს უფრო ნაკლებად იჩენენ. შესაბამისად, ბავშვისთვის გარკვეული საფრთხეების რისკი მატულობს.
გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას წლამდე ბავშვის მშობლებისთვის. რას უნდა ერიდონ ჩვილი ბავშვის მშობლები:

1. ბავშვის მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან თუნდაც კერძო ტრანსპორტით დიდ გზაზე.
თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არის, წლამდე ბავშვს ტრანსპორტში ნუ შეიყვანთ. განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონებზე, როცა ვირუსების გავრცელების მასშტაბები იზრდება. წლამდე ბავშვის იმუნიტეტი ჯერ სუსტია, ინფექციები კი ჩვილისთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე მოზრდილი ბავშვისთვის.
კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა დააწესეთ დიდ გზაზე ბავშვის წაყვანისას. ხანგრძლივ მგზავრობას თავისი რისკები აქვს, რის წინაშეც ახალშობილი და საერთოდ, წლამდე ასაკის ბავშვი არ უნდა დააყენოთ. გარდა ამისა, ხანგრძლივი დროით მანქანის პატარა სივრცეში, თუ გამუდმებით ხელში გიჭირავთ და არ წევს თავის კალათაში, ეს პატარს მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ესეც ერთგვარი სტრესია. შეიძლება, თქვენ ვერ ამჩნევთ, მაგრამ პატარა ამას განიცდის. ანუ ის, რომ ბავშვი არ ტირის, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ ის არ წუხს და არაფერი აღელვებს. უბრალოდ, ზოგიერთი პატარა არ გამოხატავს ამას და დედამ თავისი დაკვირვებით უნდა შეატყოს, ან უბრალოდ მიხვდეს, რა ჯობია მისი შვილისთვის.

2. ეცადეთ, არ მოხვდეს ხალხმრავალ წვეულებებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
მიკრობებისა და ვირუსების გარდა, ემოციური გადაღლის საფრთხეც არსებობს. წვეულებაზე მას მინიმუმ 10 ადამიანი ხელში აიყვანს და დაეკონტაქტება. პატარასთვის ეს ზედმეტი ემოციებია, რაც ხელს შეუშლის დაძინებაში, იმოქმედებს ჭამის მადაზე და მის საერთო განწყობაზე.

3. ნუ გაასინჯებთ "უცხო" საკვებს

ამაში ნატურალურ და მისი ასაკისთვის შესაფერის პროდუქტებს არ ვგულისხმობთ. საქმე ისაა, რომ მშვიდი ბავშვის მშობლები სიფრთხილეს ხშირად კარგავენ. ჭამისას უპრეტენზიოა და სუფრაზე სხვადასხვა კერძისკენაც იწევს? ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა გაასინჯოთ. გაყინულ ან უმ ნახევარფაბრიკატებს, კუსტარულ საკონდიტროებში დამზადებულ ტკბილეულს, ეგზოტიკურ ხილსა და ნაირ-ნაირ კანფეტებს კვებითი ღირებულებები თითქმის არ გააჩნია, მათში შემავალი დანამატები კი ბავშვისთვის ბევრ საფრთხეს შეიცავენ. ნახევარფაბრიკატებში ძირითადად გენმოდიფიცირებული სოიო შედის, ტკბილეულში კი - ქიმიური ესენციები და ემულგატორები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს მომატებული ალერგიული ფონით შეგახსენებენ თავს. საერთოდ მათი ორგანიზმზე ზემოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის და ბევრ ეჭვს ბადებს. ამიტომ ნუ იხელმძღვანელებთ პრინციპით, "ვაჭამე და არაფერი მოსვლია". შეგიძლიათ იხილოთ ისპროდუქტები, რომლებიც სასურველია, წლამდე ბავშვს არ აჭამოთ.

ზემოჩამოთვლილი რჩევებით იმის თქმა არ გვსურს, რომ ბავშვი სახლიდან გარეთ არ გაახედოთ, მანქანაში არ ჩასვათ ან ერთი კანფეტის შეჭმით ქვეყანა დაიქცევა. ერთხელ, ორჯერ და იშვიათად ყველაფერი ხდება. უბრალოდ, ამ ყველაფერს სისტემატური სახე არ უნდა მიეცეს. 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 875 | Added by: user | Tags: ბავშვის, ერიდოს, უნდა, რას, ჩვილი, დედა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​