13:09 ბავშვი რომ ბაღს მიეჩვიოს და იშვიათად გახდეს ავად | |
წავიყვანოთ თუ არა ბავშვი ბაღში - ეს საკითხი ადრე თუ გვიან ოჯახში აუცილებლად დგება. ყველა მშობელს აქვს საკუთარი გამოცდილება, მოსაზრება ბაღის უარყოფით და დადებით მხარეებზე. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ზუსტად განსაზღვრული მოსაზრებები არა დედიკოებისა და მამიკოების, არამედ პედაგოგების, მედიცინის მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგების. აქვე აღვნიშნავთ, რომ მეცნიერების თვალსაზრისით, საბავშვო ბაღი წარმოადგენს დადებით და აბსოლუტურად აუცილებელ პირობას ბავშვის სრულფასოვანი აღზრდის პროცესში. ამას არ შეიძლება არ დავეთანხმოთ. ურთიერთობას ადამიანი სწავლობს ბავშვობიდან. ვერტც ოჯახი, ვერც ძიძა თუ ბებიები, ვერავინ შეცვლის საბავშვო ბაღს. მაშ ასე, მთავარი უარყოფითი მხარე ბავშვის ხშირი ავადობაა. ამაზე არავინ არ დაობს, ამას ამტკიცებენ მშობლები, ექიმები. კოლექტივში, სადაც ბევრი ბავშვია, მათ ერთად ძინავთ, ერტად მიირთმევენ, ადვილია ვირუსების გავრცელებაც. დაავადებების უმრავლესობა - მწვავე ინფექციები, უფრო ხშირად კი რესპირატორული, დაკავშირებულია ბავშვების მჭიდრო კონტაქტთან, რაც მეტია ჯგუფში ბავშვი, მით მეტია დაავადების რისკი. "სახლის" ბავშვი, რა თქმა უნდა, დაცულია ხშირი ავადობით. თუმცა შევხედოთ ამ ყველაფერს სხვა კუთხით. დაგვეთანხმებით, რომ ბავშვთა ასაკში გადატანილი მთელი რიგი ინფექციური დაავადებები (ყბაყურა, წითურა, ჩუტყვავილა და სხვა) პატარა ასაკში ადვილად გადასატანია, მოზრდილებში კი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. ხშირად გაიგონებთ, რომ ჯობს, ბავშვმა პატარობისას გადაიტანოს მოსახდელი დაავადებები, ვიდრე უფროს ასაკში. რაც შეეხება მწვავე რესპირატორულ დაავადებებს, ყოველი გადატანილი ვირუსული დაავადების შემდეგ გამომუშავდება ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, რომლის დროსაც იზრდება პერიოდი მორიგი დაავადების განვითარებისა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ "სახლის ბავშვს" მამიკომ მოუტანოს სამსახურიდან ესა თუ ის ვირუსი. ვირუსული ინფექციები, რომელთაც არ გადაიტანს ბავშვი ბაღში, აუცილებლად შეგვახსენებს თავს სკოლის ასაკში. იმედია დაგვეთანხმებით, რომ ბაღში გაცდენილი 1 კვირა ჯობია სკოლაში გაცდენილ 1 კვირას. პრინციპულად საქმე სხვაგვარადაა - მთავარი არა ვირუსული ინფექციების სიხშირეა, არამედ როგორ მიმდინარეობს ის. თუ გრიპს მუდმივად თან ახლავს გართულებები (მაგალითად ბრონქიტი, პნევმონია), მაშინ ბაღი არაფერ შუაშია. აქ მთავარია მკურნალობის ტაქტიკა, ბავშვის იმუნიტეტი, საყოფაცხოვრებო პირობები და სხვა. აუცილებელი წესები ბავშვის მომზადება ბაღისთვის იწყება დაბადებისთანავე - ადეკვატური აღზრდით. აუცილებელია ჩაუტაროთ პროფილაქტიკური აცრების კომპლექსი. როგორი შესანიშნავიც არ უნდა იყოს საბავშვო დაწესებულება, როგორი ჯანმრთელიც არ უნდა იყოს ბავშვი, პირველ ხანებში იგი ხშირად იავადმყოფებს და სასურველია, რომ როდესაც ბავშვს ბაღში წაიყვანთ, ვიღაც იყოს ხოლმე სახლში, რათა გქონდეთ საშუალება, პირველივე სიმპტომების შენიშვნისას (ხველა, ცხვირიდან გამონადენი), დატოვოთ პატარა სახლში, რათა პროგრესირება არ განიცადოს დაავადებამ და სხვა ბავშვების დაავადების რისკიც არ გაიზარდოს. უეცარი ტრავმებისგან არავინაა დაზღვეული. პედაგოგი და სამედიცინო პერსონალი უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში - რა დაავადებები აქვს გადატანილი ბავშვს, არის თუ არა ალერგიული ამა თუ იმ საკვებსა თუ მედიკამენტზე. თუ ბავშვი კონკრეტული მედიკამენტების მიღებას საჭიროებს, ბაღში აუცილებლად უნდა ჰქონდეს მას ამ წამლების მარაგი. ასევე უნდა იცოდეს მასწავლებელმა ბავშვის გარკვეული სისუსტეები - ზოგიერთს ბუნებრივი მოთხოვნილებების შეხსენება სჭირდება, სხვას - უჭირს ერთდროულად ორი სხვადასხვა კერძის მირთმევა და მასწავლებელს უნდა უთხრას მშობელმა, რომ არ დააძალოს და ორიდან ერთ კერძს მაინც თუ შეჭამს პატარა, ამით დაკმაყოფილდეს. აუცილებელია, ბავშვი ბაღშიც იბანდეს ხელს, სახლში მოსულიც - აუცილებლად. ეს ვირუსებისგან დამცავი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სასურველია, ბავშვს ბაღში ჰქონდეს თავისი ბოთლი ან ჭიქა და იქიდან სვამდეს წყალს. თუ ბავშვი ბაღს ვერ ეგუება ასევე უნდა იცოდეს მშობელმა, რომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც ბაღს ვერაფრით ეგუებიან, უბრალოდ, ბაღის სისტემა არ არის მათთვის მისაღები. ყველა ხომ არ არის ერთნაირი? ზოგს კოლექტიურად ჭამისა და დაძინების პროცესი ნამდვილ სტრესს უჩენს. ავადობაც უფრო ხშირი მაშინაა, როცა ბავშვს ბაღი არ მოსწონს, მის წინააღმდეგ არის შინაგანად განწყობილი, იქ თავს ცუდად გრძნობს და ეს შინაგანი განწყობაც უწყობს ხელს მის ადვილად დაავადებას. თუ ბავშვი ერთი თვის, ორი და სამი თვის შემდეგაც ვერ მიეჩვევა ბაღს, თუ ბაღის ხსენებაც არ უნდა, ეწყება სხვადასხვა ტიკი - ფრჩხილების კვნეტა, ღამის შიშები და სხვა, რაც ბაღში შიარულის დაწყებას ახლავს თან, დაფიქრდით, იქნებ არ არის ბაღი მისი საქმე. ასე შემთხვევაში მშობლები ამგვარ გამოსავალს მიმართავენ ხოლმე: ბავშვი ან სხვა, კერძო ბაღში გადაჰყავთ, სადაც უფრო ცოტა ბავშვია, პატარებს მეტად ართობენ და შემეცნებითი საქმიანობით ხიბლავენ, ან კიდევ რაიმე წრეზე ან სტუდიაში შეჰყავთ, მისი ნიჭისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომ თანატოლებთან ურთიერთობაც ისწავლოს, გაერთოს, განვითარდეს და თან ყოველდღიური რუტინისგანაც დაცული იყოს. ერთი სიტყვით, საბავშვო ბაღში წასვლა ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. ეცადეთ, ეს ეტაპი თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც კარგად დასამახსოვრებელი იყოს. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1091 | | |
Total comments: 0 | |